ნინია კაკაბაძეს ამ დრომდე არ მიუღია ინფორმაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების დაფინანსებისა და თანამშრომლების ხელფასების შესახებ. კაკაბაძემ ინფორმაცია მაუწყებლისგან 3 მაისს გამოითხოვა. კაკაბაძის თქმით, თუ ინფორმაციას ხვალ დღის ბოლომდე არ მიიღებს, ის სასამართლოს მიმართავს.
კაკაბაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაზე საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონით განსზღვრული ვადები არ ვრცელდება, თუმცა მიაჩნია, რომ 10 სამუშაო დღე მაუწყებლისთვის ოპტიმალური ვადაა, მიაწოდოს ინფორმაცია ბორდის წევრს. მისივე თქმით, სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძეც ესწრებოდა, მან მაღლაფერიძეს ჰკითხა, როდის მიიღებდა ინფორმაციას, რაზეც მაუწყებლის დირექტორმა უპასუხა, რომ „ფიქრობენ”.
“ვასილ მაღლაფერიძემ მითხრა, რომ სადღაც სოციალურ ქსელში ნახეს ჩემი კომენტარი, სადაც მე ვწერდი, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა დაწესებულება უნდა იყოს გამჭირვალე. მან ჩემი ეს მოსაზრება გაასაღა განცხადებად, თითქოს მე ვაპირებ, გავასაჯაროო ინფორმაცია ხელფასების შესახებ. ეს არის ტყუილი. ის, რომ საჯარო დაწესებულებები უნდა იყოს გამჭირვალე, არის ჩემი მოსაზრება და არაფრით არ ნიშნავს, რომ ხელფასების შესახებ ინფორმაციას გავასაჯაროებ. მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ არ ვაპირებ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას. ” – აცხადებს კაკაბაძე.