ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 26 მაისის დღესასაწაულთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 მაისს ღონისძიებები წელს საქართველოში განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება და წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილზე – თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, დიდგორში და ბათუმში გაიმართება.

ცერემონიალს საფრანგეთიდან და ლიტვიდან მოწვეული ორკესტრები გააფორმებენ. საქართველოს ჰიმნს საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“.

მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები; საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები.
რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სოლიდარობის ფონდის კუთხე, სადაც გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია, როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი – 100-ზე მეტი სტარტაპერი, ქართული და საერთაშორისო კომპანიები.
„26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართება. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები.

რეგიონებში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდება. თბილისში დაგეგმილ გალა კონცერტზე კი, სპეციალურად ამ დღისთვის, 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შესრულდება.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, საჯარო ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატიის მომზადება. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყობენ პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ისტორიულ ფოტოგამოფენებს, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველ ღონისძიებებს.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა. მათი მონაწილეობით ასევე სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების გამართვა იგეგმება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....