გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
10 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.