ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კანცელარიასთან, 19:00 საათზე აქცია გაიმართება, რომელსაც “თანასწორობის მოძრაობა” მართავს.
ორგანიზატორთა განცხადებით, 17 მაისის აქცია იქნება ღია და თავისუფლად მისვლა შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა თუ აქციაში მონაწილე პირს სურვილი აქვს, რომ მისი უსაფთხოება სამართალდამცველი ორგანოების მიერ იყოს დაცული, ისინი რეგისტრაციის გასვლის შემდეგ ისარგებლებენ სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით.
“გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ დროს ქუჩები იქნება გადაკეტილი და შესაძლოა ქალაქში მოძრაობა გართულებული იყოს. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი უსაფრთხოებისთვის კომფორტული იქნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაცული ტრანსპორტით აქციაზე მოსვლა და წასვლა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაცია შეწყდება 16 მაისს, საღამოს 16:00 საათზე”- ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ხვალ, ასევე აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც პატრიარქის ინიციატივით დაარსდა. სასულიერო პირები და მათი მრევლი მსვლელობას აპირებს. გუშინ, საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე დეკანოზმა ანდრიამ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს მოუწოდა, რომ ასეთი განწყობის შემთხვევაში, მსვლელობას არ შეუერთდნენ, რადგან ეს იქნება მშვიდობიანი მსვლელობა.