“თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანი სუბელიანმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ მას სოციალურ ქსელში ემუქრებიან და ბოლო დროს ზეწოლის ობიექტი გახდა. ის შინაგან საქმეთა მინისტრისგან დახმარებას ითხოვს და მისი უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
“არ ვთვლი, რომ ბოდიშების ტონით გვაქვს სასაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებმაც, მე ცეკვის გამო და სიწმინდეების სახელით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმხელა აგრესია დამატეხეს და იმხელა მუქარების ქვეშ ვარ. მთელი ამ დღეების განმავლობაში მე მემუქრებიან ბავშვით, მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ.
ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ, რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. მაგრამ, ამის გამო, მე არ ვაპირებ, რომ შევწყვიტო გარეთ სიარული, არ ვაპირებ, რომ უკან დავიხიო ბრძოლებში და ვფიქრობ, რომ ზუსტადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ დაიცვას ჩემი უსაფრთხოება,”- განაცხადა ანი სუბელიანმა.
შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.