რას აკრძალავდა ქვეყანაში, ქალის როლი საზოგადოებაში, დეკრიმინალიზაცია, – “მეტრონომმა” საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?
ზაზა პაპუაშვილი: ეგრე გამოდის, რომ ნატვრის თვალი მაჩუქეთ. სიძულვილსა და დაუნდობლობას ავკრძალავდი.
მეტრონომი: ქართულ პოლიტიკაში ყველაზე ლამაზი ქალი ვინ არის?
პაპუაშვილი: ერთი ქალი რომ დავასახელო, შეიძლება, ძალიან ბევრი გადავიმტერო და მე ქალები ისე მიყვარს, რომ ვერ გადავიმტერებ. მაგ საშარო კითხვას ავერიდებოდი.
მეტრონომი: მარიხუანა თუ გაქვთ მოწეული?
პაპუაშვილი: კი, ბატონო. დაახლოებით, 5-ჯერ მაქვს მოწეული. ბოლოს როდის გავსინჯე არ მახსოვს.
მეტრონომი: ქალის როლი საზოგადოებაში…
პაპუაშვილი: ქალის როლი ყველგან დიდი, რაც არ უნდა იყოს ეს. ქალს უზარმაზარი დანიშნულება აქვს. მათი არსებობა ჩვენ ქცევას, ჩვენ შრომას, ჩვენ მისწრაფებას განაპირობებს. ამიტომ, ქალის როლს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ.
მეტრონომი: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?
პაპუაშვილი: არ არის ქართველი გამოკვეთილი ჰომოფობიეთ და რაღაც ფობიებით აღსავსე. არ არის ასე. მას სიყვარული უნდა, სიმშვიდე და ბედნიერება უნდა. რა თქმა უნდა, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ოჯახი მაღალ დონეზე უნდა ავწიოთ. ოჯახში ბევრი სასიკეთო ხდება, ერთმანეთი უყვართ… ოჯახის სიწმინდის დღეა.
მეტრონომი: დაგვიხასიათეთ ახლახანს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები ერთ წინადადებაში..
პაპუაშვილი: ჩემთვის შემაძრწუნებელი. ადამიანს როგორც უნდა ისე უნდა მოიქცეს, მაგრამ მე ვერაფრით მივესალმები, რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი რამის პროპაგანდას. კარგი იქნება თუ ჩვენს მომავალ თაობას შანსი ექნებათ მიიღონ კარგი განათლება, კარგი ჯანმრთელობის სერვისები და თავიანთი ბედნიერება მონახონ.
მეტრონომი: ანუ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას არ ემხრობით..
პაპუაშვილი: საერთოდ, ადამიანს, როდესაც ფეხი წაუცდება, რაზეც ჩვენც არ ვართ დაზღვეულები, პირველ შემთხვევაში მისი გაწირვის მომხრე არ ვარ. თუმცა, მე არც დეკრიმინალიზაციისა და არც ლეგალიზაციის მომხრე არ ვარ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ადამიანები, გარკვეულწილად რაღაც შეცდომებს ჩავდივართ და საშუალება უნდა იყოს, რომ პატიება უნდა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუშინდელმა და გუშინწინდელმა სიტუაციამ დაგვანახა, რომ ძალიან ცუდად წავა სიტუაცია.
მეტრონომი: იყო თუ არა გადაცდომები ღამის კლუბებში არსებული სპეცოპერაციების დროს?
პაპუაშვილი: იქ, სადაც ნარკოტიკები გაჭაჭანდება, იქ, სადაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, ნებისმიერ დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისე უნდა იმოქმედოს, როგორც იმოქმედა. ეს განვითარებულ ქვეყანაშიც ასე ხდება. ასე, რომ შსს-ს მოქმედების არეალი არ უნდა შეეზღუდოს.
მეტრონომი: მოქმედებს თუ არა ბერა ივანიშვილის კლიპები მთავრობისა და უმრავლესობის გადაწყვეტილებებზე?
პაპუაშვილი: ბერა მუსიკოსია და მას აქვს უფლება ის მუსიკა დაუკრას რაც მოწონს და ის ლექსი დაწეროს რაც ლექსსაც წერს. მე, მაგალითად, ასეთი მიმდინარეობის მომწონებელი არ ვარ. მე ასეთ მუსიკას არ ვუსმენ. თუმცა, ბერამ იმოქმედოს პოლიტიკაზე, მთავრობასა და პარლამენტზე გავლენა, გადაჭარბებულად მეჩვენება. ცოტა შეურაცხმყოფელიცაა. ბერა ხელოვანია და ზოგიერთს მოეწონება და ზოგიერთს არა. ეს არის და ეს. ხელოვანითვის ასეთი რამის დაბრალება უგუნურებად მეჩვენება. რაც შეეხება ბოლო კლიპს. თუ ჩემი გემოვნებით ავწონ-დავწონე და არ მომეწონა. შეიძლება, იმ ტექსტთან და მუსიკასთან რაღაც კითხვები მქონდეს. მე ჩემი გემოვნებით ვცხოვრობ როგორც ცხოვრებაში, ასევე ხელოვნებაში. ბერამ რამე გავლენა იქონიოს პოლიტიკაზე, ეს გადაჭარბებულია.
მეტრონომი: რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ოპოზიციიდან?
პაპუაშვილი: ჯერ მიჭირს იმაზე საუბარი თუ ვინაა ოპოზიცია. მე მეეჭვება, ბევრ ადამიანს დაუძახო კარგი პოლიტიკოსი. თუმცა, რამოდენიმეზე გული მწყდება, რაღაც კარგად დაიწყეს, თუმცა საკუთარ თავს ავნეს. მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.
მეტრონომი: ღამის კლუბებში თუ ხართ ნამყოფი?
პაპუაშვილი: ღამის კლუბში არ ვარ ნამყოფი. თუმცა, ახალგაზრდობაში, საქართველოსა და უცხოეთში თითზე ჩამოსათვლელად ნამყოფი ვარ დისკოტეკაზე. თუმცა, დახურულ სივრცეს ვერ ვიტან და კლუბურ მუსიკას და მაინცდამაინც ასეთ სიმღერას.. მე გართობის ჩემეული მომენტები გამაჩნია და დიდ ხმაურს ვერ ვიტან.