ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ივანიშვილის აშენებულ “ბლექ სი არენაში” რომ ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია, დარჩებოდა ვინმე ძალოვანი თანამდებობაზე?

ადვოკატი გიორგი ფანცულაია განმარტავს, რამდენად სამართლებრივად ჩატარდა სპეცოპერაცია კლუბ “ბასიანში”. როგორც ის ამბობს, სასამართლომ განჩინება კლუბ “ბასიანში” ჩხეკაზე 10 მაისს გასცა გამოძიების მოთხოვნის საფუძველზე, რომ საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩატარებულიყო, სპეცოპერაცია კი ჩატარდა 12 მაისს, როცა კლუბში ივენთი იმართებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლომ ჩხრეკის ნებართვა კლუბ ბასიანის გარე პერიმეტრზე და კლუბის სათავსოებში გასცა. ასეთ დროს კი, მისი თქმით, საკმარისი იქნებოდა რამოდენიმე ათეული პოლიციელი და არა სპეცრაზმი, რომელიც შეიჭრა არა სანქცია გაცემულ ტერიტორიაზე, არამედ იქ სადაც ივენთი მიმდინარეობდა.

“მოკლედ მიხარია, რომ სანამ სამართლებრივად რეალური მოცემულობა არ გავიგე ჩემი პოზიცია საჯაროდ არ დამიფიქსირებია რამდენად სწორად–სამართლებრივად ჩატარდა სპეცოპერაცია კლუბ ბასიანში.

უკვე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო უხეში კანონდარღვევა! შემდეგი მიზეზით:

1) სასამართლომ განჩინება კლუბ ბასიანის ჩხრეკაზე გასცა 10 მაისს, გამოძიების მოთხოვნის საფუძველზე, რათა ჩატარებულიყო დაუყოვნებლივი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც აღმოჩნდა, არანაირი დაუყოვნებლივი მოქმედებების საჭიროება არ იყო და სპეცოპერაცია ჩატარდა 12 მაისს! ანუ პარასკევს, ანუ იმ დროს როცა იქ ივენთი(კონცერტი) იმართებოდა. მაშინ როცა წინა ორ დღის განმავლობაში შეეძლო გამოძიებას მშვიდ გარემოში ჩაეტარებინათ ჩხრეკა, როცა გასართობად ასობით ადამიანი არ იყო! ახლა ვსვამ კითხვას, ბიძინა ივანიშვილის აშენებულ ბლექ სიი არენაზე რომ გაიცეს სასამართლო განჩინება ჩხრეკის თაობაზე, 2000 კაციან კონცერტის გამართვამდე ჩაატარებენ ჩხრეკას, თუ მთავრობის ჩამოყვანილი მომღერლის კონცერტის დაწყებას დაელოდებიან და იქ მისულ 2000 კაციან კონცერტის დროს ჩაატარებენ?

2) სასამართლომ გასცა ჩხრეკის ნებართვა კლუბ ბასიანის გარე პერიმეტრზე და კლუბის სათავსოებში. ასეთ დროს საკმარისი იქნებოდა თუნდაც რამოდენიმე ათეული პოლიციელი და არა სპეცრაზმი! რომელიც შეიჭრა არა სანქცია გაცემულ ტერიტორიაზე, არამედ იქ სადაც ივენთი (თუ გინდ კონცერტი დაარქვით) იმართებოდა და ასობით ადამიანზე განახორციელა უკანონო ჩხრეკა, გამოძევება და უამრავი კანონდარღვევით მოქმედება! მოდი აქაც წარმოვიდგინოთ იგივე, ბლექ სი არენის გარე პერიმეტრზე რომ ყოფილიყო სანქცია ჩხრეკის და შენობის სათავსოებზე და ასეთ დროს რომ იგივე გაეკეთებინა ვინმეს ბიძინა ივანიშვილის აშენებულ ბლექ სი არენაში მიმდინარე კონცერტის დროს, ეს სპეცოპერაცია! დარჩებდა ვინმე ძალოვანი თანამდებობაზე???

3) დაკავებულ პირთაგან, რომელთაც ედავებიან სავარაუდო ნარკოტიკების რეალიზაციას (ცალკე დასადგენია რამდენად კანონიერად ედავებიან) არცერთი არ ყოფილა კლუბ ბასიანში ივენთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ღამეს და ყველა მათგანი თბილისში სხვადასხვა ტერიტორიებზე დააკავეს.

4) ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო რიგი “გამოხტომები”, ასევე იქ გაჟღერებული რიგი მოსაზრებები, რასაც რუსთაველის გამზირზე ქონდა ადგილი აქციის ზოგიერთი მონაწილისგან, მაგრამ მე უკვე სრულიად მესმის იქ შეკრებილი ახალგაზრდების 90% სამართლებრივი პროტესტის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

p.s. 1) მე არ ვარ კლუბ ბასიანის ადვოკატი და რა ინფორმაციაც მივიღე სამართლებრივი, იქედან გამომდინარე ვაკეთებ ამ ანალიზს. 2) ვინც ამ ჩემს მოსაზრებას არ ეთანხმება, მოიყვანოს საპასუხო სამართლებრივი მტკიცებულებები ან თუნდაც არგუმენტები და არა ზოგადად “ქვეყანა თავზე გვენგრევა” მოსაზრებები!”- დაწერა “ფეისბუქზე” გიორგი ფანცულაიამ.

იტვირთბა....