ბექა წიქარიშვილი აქციის ღამეს, შს მინისტრთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე მას გახარიამ უთხრა, რომ კონტრაქციის კონტროლი უჭირდა და შესაძლოა დარბევა გამხდარიყო საჭირო:
“მოლაპარაკებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას კონტრაქციის კონტროლი უჭირდა. ეგზალიტირებულები იყვნენ… გვითხრა, რომ ის ვერ შეინარჩუნებდა მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა დარბევა გამხდარიყო საჭირო…
ჩემთვის პირადად ეს საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა. გარდა ამისა, ამ დარბევას შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და ესკალაცია მოჰყოლოდა. ჩემთვის პირველი ამოცანა იყო ის, რომ დაგვეცვა როგორც ჩვენი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, ასევე მე ვერანაირად ვერ ვიქნებოდი მათი დარბევის მომხრე, რადგან ჩვენი აქცია სწორედ დარბევის წინააღმდეგ დავიწყეთ.
ამ ადამიანების კონტრაქციის მონაწილეების უმეტესობა შეცდომაშია შეყვანილი და მე მგონია, რომ მათთან კომუნიკაციით შესაძლებელია. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და გული შემტკივა… გული შემტკივა იმ მოცემულობაზე, რომელშიც დღეს ეს ქვეყანა იმყოფება”,-განაცხადა წიქარიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.