ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ გუშინ რუსთაველის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ძაბირაძე ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირადად იყო ვალდებული, რომ არსებული დაძაბულობა განემუხტა, რასაც მან თავი საკმაოდ კარგად გაართვა.
ძაბირაძის აზრით, ჯერჯერობით უცნობია ეს სტაბლური სიტუაცია რამდენი ხანი გაგრძელდება, თუმცა იმ მომენტში მინისტრმა არსებულ ვითარებას თავი მშვენივრად გაართვა. ანალიტიკოსის აზრით, გახარიას ყველა მოქმედება საკუთარ გუნდთან იყო შეთანხმებული. ხოლო ამის ნათელი მაგალითი ის არის, რომ მინისტრი მოლაპარაკებაზე ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი გუნდის წევრებთან ერთად მივიდა.
„მოქმედების დროს, ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა. მთელ ამ პროცესში პასუხისმგებლობა მაინც სამინისტროს ეკუთვნოდა, რადგანაც პროტესტის ადრესატი თავად გახარიას უწყება იყო.
მის გადაწყვეტილებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისი მოქმედება გუნდთან შეთანხმებული იყო. ბუნებრივია, რომ თუ რამე გადაწყვეტიელბა იქნებოდა მისაღები ეს გახარიას უნდა გაეკეთებინა.
ახლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ კალაძეს იქ რამე გადაწყვეტილება მიეღო, რადგანაც ის ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ იყო. მაშინ ხომ ვიტყოდით, რომ რა კალაძის პრეროგატივაა მინისტრის კომპეტენციაში ჩარევა. სიტუაციის დროს, არ მგონია, რომ გახარიას პოლიტიკურ ქულებზე ეფიქრა, მასზე უკეთესი წარმოდგენის ვარ. შედეგი მეგონი, რომ დღეს ყველასთვის მისაღებია. მინისტრი ქვეყანაში თავისი მოვალეობის შესრულებას ცდილობდა და ძალიან კარგადაც გამოუვიდა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას, ეს სრულიად პოლიტიკური მოთხოვნები იყო, თუმცა ეს ქართული ხასიათია და არც გამკვირვებია. ბოლოს ვნახეთ, რომ მოთხოვნები საწყის პოზიციას დაუბრუნდა და შემდეგ ის განცხადებები გააკეთეს რაზეც საპროტესტო აქცია დაიწყო“,-განაცხადა „მეტრონომთან“ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.