ანალიტიკოსი გია ნოდია „მეტრონომთან“ წუხელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, გუშინ განვითარებულ მოვლენებში ყველაზე ადეკვატურად შინაგან საქმეთა მინისტრი იქცეოდა. მან პრემიერის და თბილისის მერისგან განსხვავებით კრიზისის მართვა შეძლო. ნოდია ამბობს, რომ გახარიამ აქციის პროცესები სათავისოდ მოაბრუნა და გუშინდელი გადაწყვეტილება ყველაზე მომგებიანი მისთვის იყო.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პროტესტის და მოვლენის ჩარჩო ისე შეცვალა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. მინისტრმა სიტუაცია ის წარმოადგინა, რომ ის ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის გამშველებლად მოგვევლინა. ნოდიას აზრით, გახარია ყველაზე ბრძენ სახელმწიფო მოღვაწედ მოგვევლინა, რომელმაც სიტუაცია ოსტატურად სრულიად სხვა მახრეს შეატრიალა.
„გახარია შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე გონიერ ადამიანად გამოჩნდა. მან მთელი დღის განმავლობაში შექმნილი სიტუაცია სათავისოდ საკმაოდ დიპლომატიურად შემოატრიალა. გამოვიდა ისე, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა გაიმარჯვეს და გახარიამ მათ რუსთაველის მოედანი გაუთავისუფლა. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული მაინც გახარია გამოვიდა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო. ისინი არ იყვნენ თანმიმდევრული და ცოტა გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მათ განცხადებებში პოლიტიკური კონტექსტი გაჩნდა. მათი ქმედების შემდეგაც აჩვენა, რომ ისინი დამარცხდნენ. გამოჩნდა, რომ პოლიტიკსოებთან ურთიერთობაზე უარის თქმით მათ შედეგი ვერ მიიღეს. ცალსახაა, რომ მათი პრეტენზია აპოლიტიკურობაზე, აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა იმასთან, რომ მათი მოთხოვნები სუფთა პოლიტიკური იყო. რაც სრულიად დამაბნეველი იყო და გარკვეული უმწიფრობის შთაბეჭდილებას ტოვებდა“,-განაცახდა ნოდიამ „მეტრონომთან“.
ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.