“თეთრი ხმაურის” ლიდერისა და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დავით სუბელიანის განცხადებით, ხალხის სახელით შსს მინისტრთან მოლაპარაკებაზე შესულმა ხალხმა უკან დაიხია.
“ესეთი ბექა არ მახსოვს. დაიხია ხალხის, ჩვენი სახელით შესულმა ჯგუფმა უკან. გაყიდულად ვგრძნობ თავს”, – დაწერა სოციალურ ქსელში სუბელიანმა.
ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.