ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს იყო სწორი ნაბიჯი, ესკალაციას ვერ დავუშვებდი”: წიქარიშვილი შსს-ში მივიდა

“თეთრი ხმაურის” წევრი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ წუხელ მიღებული გადაწყვეტილება აქციის დაშლის შესახებ სწორი იყო, რადგანაც  ესკალაციას ვერ დაუშვებდა. წიქარიშვილი ცოტა ხნის წინ, შსს-ში შევიდა, სადაც მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. შს მინისტრსა და რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორების დღევანდელ შეხვედრაზე მომავალი შეხვედრების ფორმატი შეთანხმდება.

”კონკრეტული ადამიანები ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართული, ჯერ შეთანხმებული არ არის. ეს პრინციპული ამბავია, ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია მოქალაქეებისგან. ეს ყველაფერი საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება. ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ წავედით კომპრომისზე და მეტ კომპრომისზე ვეღარ წავალთ. გვჭირდება დალაპარაკება ბევრ ჯგუფთან. აქციაზე მხოლოდ ”თეთრი ხმაური” არ იმყოფებოდა. შესაბამისად ეს უნდა შეთანხმდეს ყველასთან. ჩვენ ვმოქმედებთ დემოკრატიული პრინციპით, დაპირისპირებას ვერ დავუშვებდით” – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.

იტვირთბა....