„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით პარლამენტთან აქცია განახლდა. როგორც მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნებია პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა, ასევე ნარკოპოლიტიკის რეფორმა.
„მოვითხოვთ, პრემიერმინისტრმა დაარღვიოს დუმილი და გააკეთოს საჯარო განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისა, რჩება ლეგიტიმური. რადგან ჩვენ ვერ ვხვდებით, გვყავს თუ არა საერთოდ პრემიერმინისტრი. ასევე, დარწმუნებული ვარ შს მინისტრის გარეშე ეს ბრძანება არ გაიცემოდა. სპეცრაზმის შეყვანა და ადამიანების უფლებების მასობრივი დარღვევა მის პასუხისმგებლობაზეა. თუ ამას პრემიერმინისტრი ვერ ხედავს, საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად. მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებაც ლეგიტიმურია. რეფორმა გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ პროტესტების მთავარ მიზანს, რომ შევცვალოთ პოლიციური სისტემა“,- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.