9 აპრილის მემორიალთან ამ წუთებში რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან და 9 აპრილს გარდაცვლილთა პატივსაცემად ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეს ადგილი საქართველოსთვის წმინდაა და მას სახელმწიფოებრივობის სიმბოლური დატვირთვა აქვს.
მათი თქმით, სწორედ ამ ადგილას მათი ასაკის ახალგაზრდები დახოცეს ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მისცემენ.
შეკრებილი მოქალაქეები ასევე აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ დაუპირისპირდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პარლამენტთაათნ აქციას მართავენ და აღნიშნავენ, რომ მათაც აქვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, თუმცა მოუწოდებენ, რომ დაიცვან რიგი ნორმები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, რომელსაც ცოცხალი კედელი აქვს აღმართული, რის გამოც შეკრებილი მოქალაქეები გამოყოფილი არიან იმ ადგილისგან, სადაც 15:00 საათზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია-კონცერტი დაიწყება.
ასევე 15:00 საათზე, რუსთაველზე აქციას აანონსებს უფლებადამცველი გიორგი გაბედავა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქციის მოსამზადებელი სამუშაოები და აპარატურის დამონტაჟება. ავტომანქანების გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდული არ არის.