გრძელდება აქცია რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები და მათი ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. უფრო მეტიც, პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმა იგეგმება.
“ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ. 10 საათამდე ვაძლევთ დროს პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს. აქ დავდგამთ კარვებს, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება” – განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა.
აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
შეგახსენებთ, წუხელ, კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით 8 ადამიანია დაკავებული.