„მოძრაობა თეთრი ხმაური“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვს და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს, – ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
„დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე დაისაჯონ გუშინდელ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირები და პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც მიუღებელია გუშინდელი ქმედება, ღიად გაემიჯნონ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.
როგორც ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ჯგუფები პრინციპულ ბრძოლას იწყებენ.
„შეგნებულად მოწამლეს ადამიანები და მოამზადეს ნიადაგი. დღეიდან საზოგადოებრივი ჯგუფები ვიწყებთ პრინციპულ ბრძოლას.
რასაც ვხედავთ, არის ადამიანის წინაღმდეგ მიმართული დანაშაულებების კასკადი. მას ახორციელებს ხელისუფლება“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე გადაწყდება, რას ირჩევს საზოგადოება, სისტემის მონობას თუ თავისუფლებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანისა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.
შსს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.
უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.