ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცედურებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„პირველ რიგში გვინდა განვაცხადოთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ისეთივე ტრაგედიაა ექსპერტიზის ბიუროს თითოეული თანამშრომლისთვის და ექსპერტისთვის, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. რამდენიმე განმარტება გვინდა გავაკეთოთ ექსპერტიზის პროცედურებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საზოგადოების მიერ ისმის კითხვები თუ რატომ არ მზადდება „პირველადი“, „შუალედური“ დასკვნები. ექსპერტის დასკვნა არის სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის (ექსპერტის) მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების საფუძველზე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც პასუხს იძლევა ექსპერტის წინაშე დასმული კითხვების თაობაზე. აღნიშნული კი შესაძლებელია მხოლოდ საჭირო კვლევების სრულად დასრულების შემთხვევაში. ექსპერტიზა ტარდება დამკვეთის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით. ამდენად, არ არსებობს „პირველადი“, „შუალედური“ ექსპერტის დასკვნები. ექსპერტიზის პროცესში საჭირო კვლევების სრულად დასრულების და გაანალიზების შემდგომ მზადდება ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნის დასრულების შემდგომ დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ეკუთვნის დამნიშნავს.
„გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზების დასკვნა ეკუთვნის საგამოძიებო ორგანოებს. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი, რაიმე სახის განმარტება, კომენტარი გააკეთოს საჯაროდ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ან ექსპერტიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს არადამნიშნავ პირს/ორგანიზაციას კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები არიან ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები, მაგრამ, პირველ რიგში, არიან საქართველოს მოქალაქეები, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშნვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი, მტკივნეული და პრიორიტეტულია ბიუროს ექსპერტებისთვისაც. კიდევ ერთხელ დიდ გულისტკივილს გამოვთქვამთ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო და ჩვენი მხრივ, გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ როგორც ამ შემთხვევაში, ისევე სხვა ექსპერტიზების მიმართ ბიუროს ექსპერტები თავისი მაღალი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით აკეთებენ ყველაფერს, რათა მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უტყუარი და მაღალკვალიფიციურ ექსპერტიზის დასკვნები“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, დილით არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან გაიტაცეს. 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.