შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი ამხილეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ და თ.დ.-მ, მიმდინარე წლის 10 მაისს ბათუმში, მოქალაქის კუთვნილი „INFINITI“-ს მარკის ავტომობილიდან საბურავები მოიპარეს. ნაქურდალი საბურავები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაჩერებული მანქანა გაქურდეს. უცნობმა პირებმა მანქანას ოთხივე საბურავი მოხსენეს და ბლოკებზე შეაყენეს. ვიზუალურად ავტომობილს დაზიანებები არ აღენიშნება.