ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

თანხის ჯგუფურად გამოძალვა და სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში: შსს ბრიფინგი (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა.

ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს.

“გუშინ დიდუბეში, სავაჭრო ცენტრი „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დ.ბ.-ს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული გ.ს. მოტყუებით მიიყვანეს, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულს სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.ბ. და გ.ჭ. თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. დ.ბ.-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით”,-განაცახდა სამმართველოს უფროსმა ჭელიძემ.

იტვირთბა....