თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“სასამართლოს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალი ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც უალტერნატივოდ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 14 წლამდე ვადით, ამასთან მათი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ბილეთები და სასტუმროს ჯავშანი საზღვარგარეთ. საქმეზე გრძელდება გამოძიება და დასადგენია მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების ვინაობა.
ამდენად, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.