ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17 მაისს სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, სამების საკათედრო ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. საყოველთაო ჯვრისწერის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაია გონჯილაშვილმა განუცხადა, ამ მიზნით მათ რამდენიმე ოჯახმა უკვე მიმართა, თუმცა რეგისტრაცია კიდევ გრძელდება და ამდენად, ჯვრისწერის მსურველთა კონკრეტული ციფრი მოგვიანებით დაზუსტდება.

„საყოველთაო ჯვრისწერა უწმინდესის კურთხევით იმართება. რადგან 17 მაისს ასევე ამაღლების დღესასწაულია, წყვილთა ჯვრისწერა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოხდება. ჯვარს წყვილებს მოძღვარი დაწერს. შემდგომ კი შეძლებისდაგვარად, წინასწარ არ ვიცით, იმავე დღეს ან მომდევნო საკვირაო წირვის შემდეგ ოჯახებს პატრიარქი დალოცავს. მოგეხსენებათ, ამავე დღეს საყოველთაო მსვლელობაც იმართება“, – განაცხადა გონჯილაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯვრისწერა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ტარდება. ამდენად, ჯვრისწერისთვის წყვილთა რეგისტრაცია საპატრიარქოს ჩოხოსანთა სადროშოებშიც მიმდინარეობს და ჯვრისწერები რეგიონებშიც ჩატარდება.

საყოველთაო ჯვრისწერა პატრიარქის კურთხევით უკვე ორი წელია მიმდინარეობს და ამ დროისთვის ჯვარი დაახლოებით 500–მდე წყვილმა დაიწერა. მიზანი ოჯახების ტაძართან დაახლოება და ეკლესიური ცხოვრებაა.

იტვირთბა....