მეორე მოსმენით ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები განიხილეს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, შემაკავაებელი ორდერის გამოყენებისას სამართალდამცავ ორგანოებს კიდევ უფრო მკაცრი დამატებითი ბერკეტები მიეცემათ, ასევე იმ მოქმედებების დროს, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად იყენებენ.
“უფრო ფართო მექანიზმები უნდა გააჩნდეს პოლიციას რომ მსხვერპლის დასაცავად იმოქმედონ. ამ ცვლილებებს ჩვენ მხარი დავუჭირეთ და ახლა ფორმულირებებს ვაზუსტებთ. ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი მექანიზმი იქნება ამ გამოწვევების დასაძლევად”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობა 1 მაისს დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს თბილისის მასშტაბით ოჯახში ძალადობის 1 750 მსხვერპლი და 1 693 მოძალადე დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით დედაქალაქი ოჯახში ძალადობის კუთხით პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს 9 თვეში 22 ქალი მოკლეს.