ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ გამოიყენებენ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს, რათა შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს.
“ეს არის კიდევ ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს და ეს არის ის მძიმე შედეგი ოკუპაციის, საოკუპაციო ხაზის, რომლის წინააღმდეგაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტს და საერთაშორისო ფორმატს, რათა ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო დღესასწაულების გამო, 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 08:00 საათამდე საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო პუნქტები არ იფუნქციონირებს.