ნარკოლოგი გელა ლეჟავა „მეტრონომთან“ ბოლო დროს ნარკოტიკებით გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებს აფასებს. მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს არის მეფედრონით გამოწვეული ინტოქსიკაცია, მაგრამ ნარკოლოგი არც იმას არ გამორიცხავს, რომ ეს სინამდვილეში ოპიატებისა და სტიმულატორების ნაზავი იყოს. თუმცა სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ გახდება ცნობილი, რა გახდა ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, დაზუსტებით რაიმეზე საუბარი რთულია, თუმცა ლეჟავა ამბობს, რომ სიმპტომები ნამდვილად მეფედრონით მოწამვლას ჰგავს.
„ჩემი დაკვირვებით, რასაც თვითმხილველები საუბრობენ და რაც მოწამვლის სიმპტომებიდანაც კარგად ჩანს, ეს არის მეფედრონით მოწამვლის ნიშნები. თუმცა ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოპიატებისა და სტიმულატორების ნაზავი იყოს. მინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, რომ შავ ბაზარზე ნაყიდი არცერთი ნარკოტიკი სუფთა არ არის და ისინი გარკვეული სტიმულატორებით არის გაჯერებული.
დღეს, როდესაც ნარკოტიკს სამი კომპონენტით აკეთებენ, თუ მის შემქმნელს ერთი მაინც აკლია, ის მას სხვა რაღაცას ურევენ, რათა მსგავსი ეფექტი მიიღონ. ამიტომ შესაძლებელია, რომ მარიხუანაც კი სასიკვდილო იყოს.
რაც შეეხება მოწამვლის სიმპტომებს, ნარკოტიკის მიღების შემდეგ, ადამიანები იყვნენ აჟიტირებულები, მერე უვარდებოდათ ენერგია, მოძრაობის უნარი ეზღუდებოდათ და ძილი ერეოდათ.
ეს რომ მხოლოდ სტიმულატორი იყოს, დაძინება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ეს ადამიანები იძინებენ ისე, რომ, სავარაუდოდ, ნარწყევი გუდავს. ასევე როგორც კი ადამიანი იგრძნობს კიდურების მოდუნებას და თავბრუსხვევას ეს უკვე მოწამვლის ნიშნებია. მაშინვე სასწრაფო დახმარების გამოძახება უნდა მოხდეს.
ოპიატების მიღების დროს ძალიან ხშირად ითრგუნება სუნთქვა და ინტოქსიკაციაზე პასუხად ორგანიზმში იწყება ღებინება. თუმცა იმდენად დავარდნილი აქვთ ენერგია, რომ ამ დროს არ ეღვიძებათ და ნარწყევი სასუნთქ გზებს უჭედავს. ვფიქრობ, დაახლოებით ასეთ პროცესთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მეფედრონს, ის ამფიტამინის ჯგუფს განეკუთნება და მისი ერთი პატარა მოლეკულა სხვა ნივთიერებასთან შერევის შემდეგ, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს”, – განაცხადა ნარკოლოგმა „მეტრონომთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებებით 4-ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო რამდენიმე მათგანი კლინიკაში ამ დრომდე სიცოცხლეს ებრძვის. “თეთრი ხმაურის” წევრები ამბობენ, რომ ეს სავარუდოდ, მეფედრონი უნდა იყოს.