13 წლის გოგონას დედა ნანა ბერძენიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი შვილის სიკვდილი, ისევე როგორც სხვა ბავშვების, რომლებიც „ლურჯ ვეშაპს“ შეეწირნენ, სხვების გასართობია. გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის 6 აგვისტოს დაასრულა. მშობლის განცხადებით, მენტორების გარდა, რომლებიც ბავშვებს სასიკვდილო დავალებებს აძლევენ, არსებობს ადამიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებენ.
სწორედ ისინი დებენ ფულს მოზარდის სიკვდილზე: ვინ როდის და როგორ მოიკლავს თავს.ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას დაეკონტაქტა რამდენიმე ადამიანი და გაჩუმება ურჩია. ისინი ეუბნებიან, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი ფული დგას და ეს ხალხი ყველაფერზე არიან წამსვლელები.
იყო საუბარი იმაზე, რომ ამ თამაშს უცხოელები ხელმძღვანელობენ. მაგრამ ახლა დაღუპულის მშობელი პირდაპირ ამბობს, რომ მენტორები, როლებიც თამაშობენ ბავშვების სიცოცხლით და მათ თავს აკვლევინებენ ქართველები არიან.
ბავშვების სიკვდილზე დადებული ფსონების ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჭელიძე. სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ყველა საქმე რომელიც მოზარდთა სიცოცხლეს ეხება შეისწავლეს. საქმეთა ნაწილზე თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე არ დაუდგენიათ, თუმცა დანამდვილებით ამბობს, რომ გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით, ფატალურად დასრულებული სიცოცხლის საქმეებში – ინტერნეტ დავალებების ან მსგავსი თამაშის კვალი არ არსებობს. ფაქტები კი რომლებზეც მოზარდები, ან მათი მშობლები მიუთითებენ, არარეალურია.
სახიფათო ინტერნეტთამაშის სავარაუდო მსხვერპლები არიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. პოსტ საბჭოთა სივრცეში მოზარდთა სუიციდის ყველაზე ხშირი ფაქტებია ლიტვაში. საქართველოში გამოძიებას 10-ზე მეტი საეჭვო საქმე აქვს.
წყარო: “რუსთავი 2”.