ორშაბათს აქციას მასშტაბური სახე მიეცემა – განაცხადა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ქართველი სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვნით, გუშინ, ვაკის პარკში შეიკრიბნენ.
“ორშაბათს ამას მასშტაბური სახე მიეცემა. ძალიან ბევრი პრობლემებია ფედერაციაში. გუნდი და ბიჭები ისევ ერთ აზრზე ვრჩებით. გამოიჩინოს დავით ქევხიშვილმა კეთილგონიერება და დატოვოს დაკავებული პოსტი”, – ამბობს ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი.
ძიუდოს კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება. მისი განცხადებით, არსებული სტუაციითა და მმართველობით უკმაყოფილონი, ისინი ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომამდე ვარჯიშს ვერ შეძლებენ.
“ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჩვენ გვერდით დგომის სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენში სიმართლეს ხედავენ. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ჩვენ იქ მიმსვლელები არ ვართ და ვერ შევძლებთ ვარჯიშს, რადგან არაჯანსაღი სიტუაცია და ერთპიროვნული მმართველობაა. მოვუწოდებთ, რომ მან მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დიდი ხნის წინ უნდა მიეღო, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე ვერ შეძლო”, – განაცხადა ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.