სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე განხორციელებული კიბერთავდასხმის სავარაუდო მოტივად კრიპტოვალუტაში თანხის მოთხოვნა სახელდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან კარანაძე საუბრობს. კარანაძის თქმით, კიბერშეტევა განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე, თუმცა ამას სააგენტოს მუშაობისთვის პრობლემები არ შეუქმნია და ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
„დაუდასტურებელი მონაცემებია, რომ სავარაუდო მოტივი შეიძლება ყოფილიყო ფულის მოთხოვნა კრიპტოვალუტაში. კიბერშეტევას ჰქონდა ადგილი, შიდა სერვერზე მონაცემები დაიბლოკა, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა ჩვენი შიდა პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობა. ჩვენ ალტერნატიული წყაროებით აღვადგინეთ პროგრამების მუშაობა… ავიარეისების მუშაობაზე ამ ფაქტს შეფერხება არ გამოუწვევია, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.“- განაცხადა კარანაძემ.