მომავალ კვირას საქართველოს ევროპარლამენტართა დელეგაცია ეწვევა. თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები შეხვედრებზე აქცენტს რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გააკეთებენ.
ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გაეცნობიან და ინფორმაციას აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის მოსამზადებლად გამოიყენებენ.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ეს შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე კიბერუსაფრთხოებას, მაგრამ ვიზიტისას, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ოკუპირებულ ტერიტორიებს მიენიჭება. ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ ე.წ. საზღვართან და ვნახოთ ადგილზე რა ვითარებაა. გვსურს გავიგოთ დეტალები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებითაც”-აცხადებს ევროპარლამენტის წევრი კლერ მუდი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად საქართველოს მოიხსენიებს ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი.
დევიდ მაკალისტერი ამბობს, რომ ევროპარლამენტმა უნდა გამოხატოს საქართველოსადმი სოლიდარობა.