“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ იქცევა. მისი თქმით, პრეზიდენტი პარლამენტიდან კრიტიკულ კითხვებს გაექცა. ახლა კი მმართველი გუნდის შეთავაზებას, რომ ტელე დებატებში დამჯდარიყო უარი თქვა.
“ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მას არ სურს პასუხების გაცემა. პრეზიდენტი იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას”, – განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოზიციას შეიცვლის „ქართული ოცნების“ შეთავაზება ძალაში რჩება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეთავაზებას უპასუხა და განაცხადა, რომ ეს შეთავაზება “უღირსი და არასერიოზულია”.
შეგახსენებთ, 2 მაისს, პარლამენტში სიტყვის გამოსვლილას პრეზიდენტმა რეგლამენტში ცვლილების შეტანა მოითხოვა, რომ დეპუტატებისთვის დებატების რეჟიმში შესძლებოდა პასუხის გაცემა.
მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, გიორგი მარგველშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, რის გამოც პარლამენტარების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი კი კოლეგებსა და თავმჯდომარეს ერთჯერადად, რეგლამენტში ცვლილებას სთხოვდა.
მოგვიანებით, სატელევიზიო დებატების შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა. მისი თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებას კენჭი უყარა. 28 დეპუტატმა ცვლილებას მხარი დაუჭირა, 50-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. საბოლოოდ, პრეზიდენტს უარი ეთქვა დებატებში შესვლაზე.