პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის განცხადებებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლიდერი გიორგი აბაშიშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს სურდა კითხვებზე და ბრალდებებზე ეპასუხა და მას ამის საშუალება არ მისცეს.
,,უმრავლესობამ მანამდე გააკეთა განცხადებები, რომ უნდა ყოფილიყო დებატები და თითქოს პრეზიდენტი იყო წინააღმდეგი დებატების. მაშინ ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა დებატების და მივიღეთ მათი შემოთავაზებული ფორმატი. ეს იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი პროცესი, რადგან პრეზიდენტს სურდა ეპასუხა კითხვებზე, იმ ბრალდებებზე, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ დაისვა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტს არ მისცეს საშუალება იმ ფორმატში ემუშავა, რაც მანამდე დაანონსდა და რაზეც პრაქტიკულად ყველა შეთანხმებული ვიყავით“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
რაც ეხება საპარლამენტო გამოსვლას, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ორი სერიოზული პრობლემა იყო.
„პირველი ის, რომ უმრავლესობამ უბრალოდ პრეზიდენტის ნათქვამი ვერ აღიქვა მთლიანობაში, ვგულისხმობ შინაარსობრივ ნაწილს. მერე ვისმენთ კომენტარებს, რომ თურმე პრეზიდენტს არ უსაუბრია უმუშევრობაზე, თურმე ოკუპაციაზე, სად იყვნენ ეს დეპუტატები, არ უსმენდნენ? თუ აღქმის პრობლემა იყო?
ეს იყო პრეზიდენტის მესიჯური განცხადება უმნიშვნელოვანეს თემებზე და ადამიანები რომლებიც დარბაზში ისხდნენ, უმრავლესობის წევრებმა, ვერ გაიგეს, არ ისმენდნენ”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტს არ მისცეს სიტყვა, არ აპასუხებინეს დეპუტატების შეკითხვებისათვის.
„სინამდვილეში ასე ესმით დემოკრატია. მათი დემოკრატია ერთი პარტიის ძალაუფლებაა, მათთვის ერთი პარტიაა ჭეშმარიტება, ერთმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, ისინი სხვა პოლიტიკურ სივრცეს არ ტოვებენ, ამის შესახებ ესაუბრებოდა გუშინ ზუსტად პრეზიდენტი.
დებატები ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ, ასე გააქრეს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში. ასე ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საქართველოში.
მივიდნენ ძალაუფლების საშიშ კონცენტრაციამდე, ჩვენ გუშინაც ვნახეთ ეს. ის, რა საფრთხეების შესახებაც გუშინ საუბრობდა პრეზიდენტი, პრაქტიკულად ერთ საათში ,,ქართულმა ოცნებამ“ ბეჭედი დაარტყა მას“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.