საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიი წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე საუბარი, ასევე – პოზიტივზე.
მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა.
„3 მაისი არის თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე. მინდა მედიის წარმომადგენლებს მოგილოცოთ თქვენი დღესასწაული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით. საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარშე“ ამ ცვლილებას აფასებს ძალიან დადებითად. 2011-2012 წლებში საქართველოს ამ ორგანიზაციის რეიტინგში ეკავა 105-ე ადგილი და დღეს გვიკავია 61-ე ადგილი. სხვათა შორის, არაერთ ევროპულ სახელმწიფოს ვუსწრებთ. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს დამოუკიდებელი და ასევე ობიექტური ინფორმაცია.
“ვფიქრობ, ეს დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება უნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სამი საფეხურით კიდევ უფრო მაღლა წაანაცვლა საქართველო, 64-დან 61-ე ადგილზე გადავინაცვლეთ, რაც უდავოდ ძალიან კარგია. მინდა თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე საუბარი, ასევე პოზიტივზე საუბარი. ხვალინდელი დღის იმედი არის მატერიალური, ის ამოძრავებს ეკონომიკას, ამოძრავებს ინვესტიციებს, ადამიანებს აძლევს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოლოდინები ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს, მითუმეტეს, როდესაც მათ აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.