ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორში “დინამოსა” და “დილას” გულშემატკივრების დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორის „დილას“ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ „დილას“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დროული რეაგირების შედეგად გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება განმუხტულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საფეხბურთო კლუბების გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორში თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გორის “დილასა” და თბილისის “დინამოს” მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთს ჯერ ფეხბურთელები, ხოლო შემდეგ გლშემატკივრები დაუპირისპირდნენ.

დაზიანებულია ტრიბუნები, მოგლეჯილია სკამები. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა. თავად თამაში ფრედ 1-1 დასრულდა.

იტვირთბა....