პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციაში შესაძლოა პრაიმერი ჩატარდეს. “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ აქტიური კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან ხვალიდან დაიწყება.
“ოლიგარქიული მართველობის შეცვლის ერთადერთი გზა ოპოზიციის გაერთიანებაა. თუ ვსაუბრობთ ოპოზიციურ ერთობაზე, უნდა ვიცოდეთ რას გეგმავს ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალა. მას განზე ვერ დავტოვებთ. ეს არასერიოზულია. კონსულტაციები ამსტერდამში არ დაწყებულა, ამ საკითხზე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. მზად ვართ კონსულტაციები გავმართოთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გამონაკლისია მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები. საერთო კანდიდატის გამოსავლენად შესაძლოა გაიმართოს პრაიმერი-ღია თუ დახურული, ჯერ უცნობია” – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
“ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი ამსტერდამიდან გუშინ დაბრუნდა. ის ინტერპარტიული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
“ახალი მემარჯვენეები” პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის შესარჩევად ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული, წინააღმდეგ შემთხვევაში პოზიციების შეჯერება გართულდება.
“თუ ამსტერდამში გამართული კონსულტაციების მიზანი საერთო კანდიდატის შერჩევას ისახავს მიზნად, თამანშრომლობაზე საუბარი შეიძლება. არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რას ემსახურებოდა შეხვედრა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად იყო და რას საქმიანობდა წარსულში, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო შტო. ვფიქრობ, რომ საერთო კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა იყოს გიორგი მარგველაშვილი” – აცხადებს მანანა ნაჭყებია.
წყარო: “იმედინიუსი”