გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საკირის ტყეში გაჩენილი ხანძრის სავარაუდო მიზეზი ადამიანური ფაქტორია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ბორჯომში ჩავიდა.
“მიზეზი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის ადამიანური ფაქტორი, აქ ყველანაირად გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს. ტყეში ამ პერიოდში ცეცხლის ბუნებრივად გაჩენა წარმოუდგენელია”-განაცხადა მღებრიშვილმა.
კითხვაზე არსებობს თუ არა ეჭვი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ამას გამოძიება დაადგენს. “ხანძარი ლოკალიზებულია, მეხანძრე-მაშველებმა თავდაუზოგავად იმუშავეს. ჩვენი სპეციალისტები დრონებით ჩაერთვებიან და 2 დღის განმავლობაში დრონებით იწარმოებს მონიტორინგი. ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს”- აღნიშნა მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკირის ტყეში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ხანძარი სოფელ საკირეში გუშინ 19:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი სოფლიდან შვიდი კილომეტრის დაშორებითაა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში ბორჯომის ტყეში ძლიერი ხანძარი იყო. ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა.