ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუგული მაღრაძე: “მოზარდები ტელევიზორში ლამაზი ქალბატონებისა და ცნობილი მამაკაცების მიბაძვით იწყებენ მოწევას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე “მეტრონომთან” საუბრისას თამბაქოს შესახებ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ თამბაქოს შესახებ კანონი არის თვითაღსრულებადი და ამაზე მოქალაქეებმაც უნდა იზრუნონ.

“თამბაქოს შესახებ კანონი არის თვითაღსრულებადი. თვითონ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ ოთახში მყოფს უთხრას რომ არ მოწიოს, რადგან მას ამის უფლებას კანონი აძლევს. თუ არ დაემორჩილება, მოქალაქეს შეუძლია, პატრული გამოიძახოს. ამის შემდეგ სამართალდამცავს შეუძლია, დააჯარიმოს პირველ რიგში დაწესებულების მფლობელი.

ძალიან ბევრი მოზარდი სიგარეტის მოწევას იწყებს იმიტომ, რომ ფილმებში ცნობილი ადამიანები, ლამაზი ქალბატონები და ცნობილი მამაკაცები დემონსტრაციულად ეწევიან. მოწევის დაწყება ძირითადად მიბაძვით იწყება.  ფილმის, შემოქმედებითი პროდუქციის, რეპორტაჟის დროს მიდის წარწერა, რომ მოწევა აკრძალულია და ის მავნებელია. თავად შინაარსში არ ვერევით და ჯერჯერობით ვერ ვამბობთ, რომ სიგარეტის მოწევის ჩვენება აკრძალული იყოს. თუმცა, ამერიკასა და ბევრ სხვა ქვეყანაში ასეთი ფილმები აკრძალულია”, – აცხადებს მაღრაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან მწეველთა უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება. საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა იკრძალება, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა იზღუდება გარე სივრცეებშიც.

იტვირთბა....