ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ დედის მკვლელობაში მონაწილეობა ერთ-ერთ შვილსაც მიაღებინა.
როგორც ზვიად გამრეკელაშვილმა აღნიშნა, ამის შესახებ გუშინ საღამოს გაიგო. მისი თქმით, ოჯახი ჯერ ბავშვებთან ამ თემაზე საუბარს ერიდება.
„ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო. ძალიან გაურბის ჩვენი ოჯახი ამაზე მსჯელობას, ბავშვს, რომ ეს თემა ყოველ დღე უტრიალოს. ჯერჯერობით ბევრი რამ დასადგენია. დამნაშავე რა კუთხით შეეცდება გადარჩენას, თავის დაცვას, საინტერესო არაა“, – აღნიშნა გუშინ ზვიად გამრეკელაშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით, 25 წლის ქალი 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, თემურ ბაქრაძე, ვეფხია ბაქრაძის ახლო ნათესავი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.