ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიადაური ქევხიშვილზე: მაგ ადამიანს ნამუსი რომ ჰქონდეს მწვრთნელებთან ერთად წავიდოდა

ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, გუშინ ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაყენებას ეხმაურება. „მეტრონომთან“ ზვიადაური ამბობს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა კვლავ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და ჯოხის გადატეხვა მხოლოდ მწვრთვნელებზე გადაწყვიტა.

მისი თქმით, ბუგავაძის და ბაინდურაშვილის გათავისუფლება საქმეს ვერ გამოასწორებს, რადგანაც ქევხიშვილი ყველაფერს თავად წყვეტს და მწვრთნელებს არასდროს არაფერს არ ეკითხებოდა. ზვიადაურის აზრით, ქევხიშვილს ნამუსი, რომ ჰქონოდა მწვრთნელებთან ერთად უნდა წასულიყო. ზვიადაური ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ის ნამუსს ვერ მოიწმენდს და მისი კორუფციული ქმედებებით ყველას დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ამ ადამიანს ნამუსი თუ კიდევ შერჩენია უნდა ადგეს და წავიდეს. ფედერაციამ სრული კრახი კი არა სირცხვილი მიიღო. ეს არის პირადად ქევხიშვილის ბრალი. ის ნიშნავდა შეკრებებს, მწვრთნელებს ყველანაირი ფუნქცია ჰქონდათ დაკარგული. მათ მაგივრად გადაწყვეტილებებს იღებდა. ყველას საქმეში ცხვირს ჰყოფდა და შედეგიც სახეზე გვაქვს.

მოვუწოდებ ყველას, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, სპორტსმენებს, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებს, დაინტერესდით ხალხო, ეს კაცი იქ რას აკეთებს. სად მიდის ის თანხები, რომელიც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი. მე კი არ უნდა მეკითხებოდეთ რა ხდება, ყველა იქ უნდა არკვევდეთ.

ჩემი აზრი გამოვთქვი და ის ვთქვი, რისი თქმაც აუცილებელი იყო. რატომ არ იყო თანხები, რომ პირველი ნომერი სპორტსმენები შეჯიბრზე წასულიყვნენ. რატომ დადიან ეს ადამიანები საკუთარი თანხებით შეჯიბრზე? ეს ყველაფერი ხომ გასარკვევია. ქევხიშვილი რაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია იმ დღიდან მის ფულს ჭამს. ფედერაცია სპორტსმენი ბიჭებით არის მაგარი და ამ ბიჭებს ხელს არავინ უწყობს“,-აცხადებს ზვიადაური „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მთელი სამწვრთნელო შტაბი გადააყენეს – ინფორმაციას ადასტურებს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

დავით ქევხიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვაც გაავრცელა სადაც გულშემატკივრებს თელ-ავივში მომხდარი ფიასკოსთვის ბოდიშს უხდის.ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე პირველად დაბრუნდნენ.

იტვირთბა....