ძიუდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი გადადგა, ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეოში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი აცხადებს.
“მოგესალმებით ქართული ძიუდოს გულშემატკივარს. მადლობა იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ქართული ძიუდოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ პირველ რიგში, თქვენთვის გვეთქვა ჩვენი შეფასება და უახლოესი გეგმები ევროპის ჩემპიონატზე მიუღწეველ შედეგებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ შედეგების მიუღწევლობას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ დღეს ამის მოყოლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენთვის, ჩვენთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული.
გვესმის, რომ ეს არის სპორტი და ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს მსგავსი რამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას არ ვიზიარებთ. აქედან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც სრულად აცნობიერებს აღნიშნულ სიტუაციას, ისიც შესაბამისად და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი, ეროვნულ ნაკრებთან აღარ გააგრძელებს სამწვრთნელო პროცესს. უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რომ კარგად შევხვდეთ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს”, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.