კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ახალი ნარკოტიკის “მეფედრონის” შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ კლუბის ტერიტორიიდან ამ ნივთიერების ზედოზირების შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოშ არავინ გადაუყვანიათ.
“მსურს გამოვეხმაურო ბოლო დროინდელ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც უკავშირდება ქალაქში გამოჩენილ ახალ, მომწამვლელ ნივთიერებას – მეფედრონს, რომელსაც სამწუხაროდ, უახლოეს ორ კვირაში ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ შემაძრწუნებელი ფაქტის გამო, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს.
რადგან უამრავი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება და გაურკვეველი ძალების მიერ მიზანმიმართულად ხდება ჩვენი კლუბის და ზოგადად, ადგილობრივი საკლუბო სცენის რეპუტაციის შალახვა, მინდა განვაცხადო, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები სასწრაფო დახმარების საშუალებით არ გადაუყვანიათ BASSIANI /HOROOM-ის ტერიტორიიდან, როგორც ამას სხვადასხვა რეგრესული და მავნებლური ძალები ავრცელებენ. ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ სახლებში ძილის პერიოდში გარდაიცვალნენ.
თუმცა ვადასტურებ, რომ კლუბის ტეტიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის მეფედრონით ზედოზირების შემთხვევა, სადაც კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი ავიცილეთ, საბედნიეროდ ამ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებათ. თუმცა სხვადასხვა სიტუაციებში და ადგილებში ამ ნივთიერებისგან მოწამლული ადამიანები კლინიკებში დღემდე იმყოფებიან.
ჩვენ არასოდეს გავურბივართ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად, მიუხედავად კლუბის წარმომადგნლების კვალიფიციურობისა, მხოლოდ ჩვენ ვერ შევძლებთ მსგავსი უბედური შემთხვევების აცილებას.
მსგავსი ფაქტების დროს, ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა, ნარკოპოლიტიკის სფეროში ჩართულმა ორგანიზაციებმა და მედია საშუალებებმა უმთავრესი როლი უნდა იტვირთონ, იზრუნონ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე მაქსიმალურად თავი შეიკავნონ სტიგმების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ვფიქრობ, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ხდება, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ბაზარზე უფრო და უფრო მავნე და ფატალური შედეგების მომტანი ნარკოტიკული ნივთიერებები ჩნდება, არ იდგმება ნაბიჯები ზიანის შემცირებისკენ და ადამიანებზე ისევ დასჯის პოლიტიკა ხორიცელდება.
მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუტებს და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს დროში მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები ჯანდაცის საკითხების მიმართულებით. ამასთანავე, სასწრაფოდ დაიბლოკოს ის ვებ-საიტები, საიდანაც ეს კონკრეტული ნივთიერება ხელმისაწვდომი გზებით ვრცელდება.
დროა, ადამიანებზე დევნა და დასჯა დასრულდეს და ყველამ ერთად ვიფიქროთ ჰუმანურ გამოსავალზე.
ასევე, გთხოვთ, გაეცნოთ თეთრი ხმაურის მოძრაობა-ს მიერ გავრცელებულ პრევენციული შინაარსოს პოსტს მეფედრონის შესახებ, დეტალურად არის მოთხრობილი ამ ნივთიერების მავნებლობის შესახებ.
გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას”, – წერს ორაშვილი.