ჩვენი სამხედროები მართლა ძლიერი და ღირსეული პიროვნებები არიან. თუმცა, ჩემი საუბარი მაღალ ეშელონებში მყოფ ადამიანებს ეხება, რომელთაც ნორმალური ბრძანების გაცემა არ შეუძლიათ, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია შეიარაღებულ ძალებში არსებულ ვითარებას.
“დღევანდელი შეიარაღებული ძალების მდგომარეობა ძალიან რთულია. შეიძლება ჩვენი შეიარაღებული ძალები ძალიან კარგი და ვარგისიანია საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, მაგრამ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული ამოცანების შესასრულებლად ბევრად მეტია საჭირო.
სამწუხაროდ, 2008 წლის მერე შეიარაღებულ ძალებში ცვლილება არ მომხდარა. მაშინ 9 აგვისტოს დილის 3 საათზე შევწყვიტეთ საბრძოლო მოქმედებები. იმის ნაცვლად, რომ 5 დღე გაგრძელებულიყო ეს პროცესი. დღესაც იგივე სიტუაციაა. არანაირი რეფორმები არ გატარებულა შეიარაღებულ ძალებში და მისი მოდერნიზაცია არ მოხდა. ჩვენ არ გყვავს სამხედრო ავიაცია, ჩვენ არ გყვავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები. ჩვენ ნაკლებად ვართ მზად სამხედრო თვალსაზრისით ეთნოკონფლიქტის გადმონთხევის შემთხვევაში. ჩვენ სამხედრო-საზღვაო ძალები არ გყვავს და არ შეგვიძლია, 9 000 კმ-იანი სანაპირო ზოლი დავიცვათ, შავი ზღვის სანაპიროზე მაქვს საუბარი. ბოლო 5 წლის განმავლობაში 4 თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და 4-ვე არაკომპეტენტურია. მათ თავიანთი ხალხი მოყავს და ეს ყველაფერი ნეპოტიზმის შედეგია.
გარდა ამისა, არსებობს არაკონცეპტუალური მიდგომა საქართველოს თავდაცვის სისტემის შექმნის. შეიარაღებული ძალებიდან მასობრივად დაითხოვეს კომპეტენტური ხალხი. ამან ყველაფერმა ძალიან ცუდი ფონი შექმნა. ჩვენი სამხედროები მართლა ძლიერი და ღირსეული პიროვნებები არიან. თუმცა, ჩემი საუბარი მაღალ ეშელონებში მყოფ ადამიანებს ეხება, რომელთაც ნორმალური ბრძანების გაცემა არ შეუძლიათ. რუსეთ-საქართველოს ომის დროს სრული ქაოსი იყო მაღალ ეშელონებში და ახლაც იგივე სიტუაციაა. მე მინდა მივულოცე დღევანდელი დღე შეიარაღებულ ძალებს, მათ მიმართ ქედი მოვიხარო. ჩემი საუბარია მაღალ ეშელონებზე”, – აცხადებს მაისაია.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს.