სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ტრიპოლის სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფრომაციას „რუთავი2“ ავრცელებს.
იმავე მედიის ცნობით, ლიბიაში იმყოფება ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბადოვი. მან სხვა დაკავებული ქართველი მეზღვაურებიც მოინახულა და ის ამ თემაზე ლიბიის საგარეო უწყებასთან შეხვედრებს მართავს.
შეგახსენებთ, რომ ტონგოს დროშით მცურავ ხომალდზე ლიბიელმა სამართალდამცავებმა არალეგალური ტვირთი 2015 წელს აღმოაჩინეს, რის გამოც ეკიპაჟის 5 წევრი, მათ შორის კაპიტანი საპყრობილეში გადაიყვანეს.
ხომალდზე სოსლან კაკაბაძე მზარეულად მუშაობდა.
ლიბიის ციხეში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება. მათი სასამართლო პროცესი იმავე მედიის ცნობით, მაისის თვის ბოლოს გაიმართება.
წყარო: რუსთავი2