უნგრეთი საქართველოსთვის MAP-ის დაუყოვნებლივ მინიჭების მომხრეა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოებიდან საქართველო ნომერ პირველი კოტრიბუტორია. ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეგაქვთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, უნგრეთი ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოების მომხრეა.
„მე ხშირად მივმართავ ჩემს კოლეგებს ამ კითხვით და მართლაც მაინტერესებს, კიდევ რას ველოდებით არაწევრი სახელმწიფოს მხრიდან. საქართველო აუცილებლად უნდა დაჯილდოვდეს, მიიღოს პოზიტიური უკურეაქცია და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის ამოქმედება უნდა მოხდეს. ჩვენ წევრობის სამოქმედო გეგმის ამოქმედებას ბოსნია-ჰერცოგოვინასთანაც მხარს ვუჭერდით, ისმის კითხვა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოსთან მიმართებითაც.
გულდაწყვეტილი ვარ ნატო-ს ზოგიერთი წევრის რეაქციით, უარყოფითი უკურეაქციით. თქვენ 100 %-იანი მხარდაჭერა გაქვთ უნგრეთიდან. ჩვენ ვაფასებთ თქვენს საქმიანობას და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა მიენიჭოს საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა. როდის? ჩვენი აზრით, საქართველოს უკვე მინიჭებული უნდა ჰქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ამ საკითხის შესახებ პოლიტიკური კონსენსუსი არ არის, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა მყარია და წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარეს ვართ.
დარწმუნებული ვარ, გახსოვთ ვარშავის სამიტი, უნგრეთს პოლონეთშიც სურდა, რომ საქართველოს მაპი (MAP) მიეღო. ეს იყო 2016 წელს, რაც ნიშნავს, რომ ორი წელი დავკარგეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო ბრიუსელის სამიტზე პოზიტიურ სიგნალს მიიღებს. გულწრფელად გითხრათ, მართლა არ მესმის იმ ქვეყნების, რომლებიც ამას მხარს არ უჭერენ. მათ ვერ დავასახელებ. მირჩევნია, პოზიტიურ თემებზე ვისაუბრო. ვიშეგრადის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.