ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გუდვილი” “თიბისი ბანკს” რეაბილიტაციის გეგმის დაცვისკენ მოუწოდებს

„გუდვილი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც  „თიბისი ბანკს“ რეაბილიტაციის გეგმის დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკს“ მათთან შეუთანხმებლად, ჰიპერმარკეტის დიდი დიღმის და შემდგომ, სავარაუდოდ, ვაკის ფილიალების ფართების გასხვისება აქვს დაგეგმილი, რაც თავად ,,თიბისი ბანკის“ მიერ დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმას და ხელმოწერილ მორიგების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.

„სს ,,გუდვილი“ წარმატებით ახორციელებს რეაბილიტაციის გეგმას. კომპანიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში შეძლო 18 მლნ ლარის ოდენობით უზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნის გასტუმრება, იმავდროულად გახსნა ახალი სუპერპმარკეტები ბათუმში და  თბილისში სავაჭრო ცენტრ ,,გალერია“-ში. აფართოებს არსებულ ჰიპერმარკეტს საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე და დაიწყო არაუზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნების გადახდა, რაც უნდა დასრულდეს 2022 წელს.

სს ,,გუდვილის“ რეაბილიტაციის პროცესში გადაყვანა მნიშვნელოვან სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ეს შესაძლებელი გახდა სს ,,გუდვილი“-ს მენეჯმენტის სწორი და მიზანდასახული მოქმედებების და მისი პარტნიორი კომპანიების, კრედიტორების და გუდვილისათვის ძვირფასი ლოიალური მომხმარებლების მხარდაჭერით, რისთვისაც კომპანია მადლობას უხდის მათ და აცხადებს, რომ სს ,,გუდვილი“ შეინარჩუნებს თავის ნიშას მიაწოდოს მომხამრებელს საუკეთესო, მაღალი ხარისხის პროდუქცია საუკეთესო ფასად და მაღალი მომსახურების სტანდარტით, ასევე შეთავაზოს უამრავი საინტერესო სიახლე.

სამწუხაროდ, ცალკეული პირები კვლავ ცდილობენ ისარგებლონ „გუდვილის“ რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნით და მიმართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს ,,გუდვილის“ მართვის ხელში ჩასაგდებად. დაინტერესებული საზოგადოებისათვის ცნობილია 2013-2014 წლებში ,,გუდვილსა“ და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის სასამართლო დავები, რომელთა მორიგების დასრულების სანაცვლოდაც დათანხმდა ბანკი სს ,,გუდვილი“ შესულიყო რეაბილიტაციაში და ასევე გააფორმა მანამდე სს ,,გუდვილი“-საგან დასაკუთრებულ ქონებებზე საიჯარო ხელშეკრულებები.

დღეს ამ ისტორიის პერიპეტიებზე საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ, თავის დროზე ისედაც  ბევრი ითქვა და დაიწერა… მაშინ ერთის მხრივ, ქვეყანაში სასიკეთოდ შეცვლილმა პოლიტიკურმა და ბიზნეს გარემომ გადაგვარჩინა  „გუდვილის“ ათიათოსობით ლოიალური მომხმარებლის თანადგომასთან ერთად. დანანებით აღვნიშნავთ, რომ ნამდვილად არ მოველოდით, მთლიანად ქართული კაპიტალით შექმნილი ჰიპერმარკეტების პირველი ქსელი თუ კიდევ ერთხელ  უსამართლოდ დადგებოდა დიდი საფრთხის წინაშე და ამ საფრთხის წყარო იქნებოდა მომსახურე კომერციული საბანკო დაწესებულება.

საქმე ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ „თიბისი ბანკი“ (უზრუნველყოფილი კრედიტორი) სრულად არის გასტუმრებული, მას კვლავ რჩება რეაბილიტაციის გეგმიდან გამომდინარე გარკვეული ვალდებულებები და არ უნდა განახორციელოს ქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს რეაბილიტაციის გეგმის ხელშეშლა. დღეს „თიბისი ბანკის“ საკუთრებაშია კომერციული ფართები, სადაც „გუდვილის“ ჰიპერმარკეტებია განთავსებული (დიდი დიღომი და ვაკე). მის საკუთრებაშია, რამდენადაც სწორედ თავის დროზე პრაქტიკულად ძალდატანებით წარმოშობილი ვალდებულებების დაფარვის მიზნით „გუდვილმა“ ის ვალდებულების ნაწილში გადასცა და დღემდე დაუბრკოლებლად უხდის „თიბისი ბანკს“ იჯარის შეთანხმებულ, საკმაოდ სოლიდურ ღირებულებას.

რამდენადაც ირკვევა, „თიბისი ბანკს“ „გუდვილის“ დიდი დიღმის და შემდგომ, სავარაუდოდ, ვაკის ფილიალების ფართების გასხვისება აქვს დაგეგმილი და პრაქტიკულად გადაწყვეტილი და ამას ახორცელებს სს ,,გუდვილთან“ შეუთანხმდებლად, რაც გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ბიზნესში არსებულ მორალურ სტანდარტებს, ასევე ეწინააღმდეგება თავად ,,თიბისი ბანკის“ მიერ დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმას და ხელმოწერილ მორიგების ხელშეკრულებას.

რაც მთავარია, „თიბისი ბანკის“ ეს ქმედება პოტენციურად მნიშვნელოვანი ზიანის მომტანიცაა სხვა, არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისათვის, რომლებიც რეაბილიტაციის გეგმით გაწერილ თავიანთი ვალდებულებების გასტუმრებას ელოდებიან (ისევ შეგახსენებთ, რომ თავად „თიბისი ბანკმა“, როგორც უზრუნველყოფილმა კრედიტორმა უკვე პირველ რიგში დაიკმაყოფილა საკუთარი მოთხოვნები).

მთავარია ისიც, რომ  ჩვენი ინფორმაციით, და ეს ინფორმაცია საფუძვლიანია, „თიბისი ბანკი“ ამ კომერციული ფართების გასხვისებას გეგმავს „გუდვილის“ კონკურენტ ერთ-ერთი მარკეტების ქსელზე და ამ გარიგებაში, მათ შორის, იკვეთება არა იმდენად საკუთრივ ბანკის, რამდენადაც ბანკთან პირდაპირ დაკავშირებული რამდენიმე პირის ბიზნეს-ინტერესები!

საგულისხმოა, რომ გასხვისების დაგეგმილ პროცესში „თიბისი ბანკი“ არ ითვალისწინებს „გუდვილის“ და მისი კრედიტორების ინტერესებს და მას უსხვისებს დაკავებულ ფართებს, ისე რომ მომავალი მფლობელისგან იჯარის ქვეშ მუშაობის გაგრძელების გარანტიას არ აძლევს. დღემდე არსებული ხელშეკრულებით კი „გუდვილს“ 5+5 წლიანი იჯარა „თიბისი ბანკთან“ 2024 წელს ეწურება. რომ არა ეს ფაქტორი, მაშინ, ცხადია, „გუდვილის“ მენეჯმენტს არ ექნებოდა არვითარი პრობლემა მეიჯარის შეცვლასთან დაკავშირებით, რამდენადაც ბიზნესისთვის ნამდვილად სულერთია ვის გადაუხდის იჯარის თანხას – „თიბისი ბანკს“, თუ ნებისმიერ სხვა კერძო თუ იურიდიულ პირს.

ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა რეიდერული ჩანაფიქრი… სამწუხაროდ, „გუდვილის“ მენეჯმენტისთვის მსგავსი სქემებით დაპირისპირება ახალი ხილი არ არის, მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ, ახალ რეალობაში, „თიბისი ბაკისგან“, რომელმაც „გუდვილთან“, თავის დროზე, სამართლებრივთან ერთად, ჯენლტმენური შეთანხმებაც დადო ბიზნესში ურთიერთხელისარშეშლის თაობაზე, ასეთ მიდგომას ნამდვილად არ ველოდით.

შეამჩნევდით, ამ განცხადებაში არ ვაკონკრეტებთ არც „გუდვილის“ ხელში ჩაგდებით დაინტერესებულ მარკეტების ქსელს და არც „თიბისი ბანკთან“ მჭიდროდ დაკავშირებულ პიროვნებებს. არ ვაკონკრეტებთ, რადგან ვიტოვებთ იმედს, რომ ეს მზაკვრული ჩანაფიქრი მხოლოდ რამდენიმე „გახურებულ თავში“ არის მოაზრებული და რომ „თიბისი ბანკის“ ტოპ-მენეჯმენტი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს, როგორც ეთიკურ ბიზნესმენებს რეპუტაციული ბიზნესის წესების განუხრელად დამცველებს, მარტივად შეძლებს ამ უსამართლობის შეჩერებას და ბანკის მიმართებას ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნეს-ეთიკის დაცვით წარმართავს მომავალშც.

სხვა შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას და სხვა გზას აღარც ოპონენტები დაგვიტოვებენ, რომ საკუთარი სამართლიანი ბიზნეს-ინტერესები დავიცვათ ყველა კანონიერი ხერხითა და საშუალებით და ამ გზაზე კიდევ ერთხელ მაქსიმალურად  მივიპყროთ „გუდვილის“ მრავალათასიანი ლოიალური მომხმარებლის ყურადღება და თანადგომა.

ამასთან, გვინდა დავარწმუნოთ სს ,,გუდვილის“ პარტნიორი ორგანიზაციები, კრედიტორები და მომხმარებლები, ასევე მზაკვრული ჩანაფიქრის ავტორები და შესაძლო მოსარგებლეები, რომ სს ,,გუდვილი“ შეინარჩუნებს თავის მარკეტებს და კვლავაც იზრუნებს როგორც არსებულ მარკეტებში მომხმარებლებისათვის მეტი კომფორტის შექმნაზე და ასევე ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნაზე“, – ნათქვამია „გუდვილის“ მენეჯმენტის განცხადებაში.

იტვირთბა....