ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტს პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილმა ცვლილებამ დააკანონა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.  ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური კორუფციის რისკს ქმნის.

“როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დააკანონა ახალი ნორმები პარტიათა დაფინანსების თაობაზე, რაც სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევა 19 პარტიის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ვითხოვთ, რომ ამ უსამართლო კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ცდილობს, ხალხის ფულით იყიდოს არჩევნების შედეგები.

“გარდა იმისა, რომ ივანიშვილი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ის ასევე ხალხის ფულით ყიდულობს არჩევნების შედეგებს. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს შეუძლია ერთ მაჟორიტარს შეუქმნას ფრაქცია პარლამენტში და შესაბამისად მისცეს 300 ათასის დაფინანსება ბიუჯეტიდან. ეს კანონი ემსახურება პოლიტიკურ კორუფციას და მოსყიდვას. ამიტომ პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება,-” განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტის ვეტოს ხელისუფლება დაძლევს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ვეტო აუცილებელია იმისათვის, რომ ამ თემაზე პარლამენტში წარიმართოს დებატები.

იტვირთბა....