ემზარ კვიციანის განცხადებას, რომელიც კოდორის ხეობის სპეცოპერაციას უკავშირდებოდა, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი ეხმაურება.
უტიაშვილის თქმით, ემზარ კვიციანმა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება მოაწყო და ეს ყველასთვის ცნობილია, ამიტომ მისი თქმით, კითხვები არა კვიციანთან, არამედ იმ პირებთან არსებობს, ვინც ის რუსეთიდან საქართველოში ჩამოიყვანა.
„ემზარ კვიციანთან დაკავშირებით კითხები არ არსებობს და არც არასდროს არ არსებობდა. ამ კაცმა 2006 წელს მოაწყო შეიარაღებული ამბოხება სამშობლოს წინააღმდეგ. ცეცხლი გაიხსნა საკუთარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს. და ამბოხების დამარცხების შემდეგ თავი შეაფარა რუსეთს. ამაზე უკვე აშკარა ისტორია ვეღარ იქნება. რეალურად კითხვები არსებობს არა კვიციანთან, არამედ იმ ხალხთან, რომელმაც კვიციანი ჩამოიყვანა საქართველოში. გარეცხეს, გაწმინდეს და ახლა პარლამენტში დაგვისვეს და კანონებს გვიწერს,“-განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანმა “კავკასიის“ ეთერში კოდორის სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა თქვა, რომ ის ასრულებდა რუსეთის სპეცსამსახურის დავალებებს მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.