ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე: “კანონპროექტის მიღება უდიდესი ტვირთია ჩვენი უმწიფარი დემოკრატიისთვის”

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის რუსუდან გოცირიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს მიიღებს, ძალიან უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ კანონპროექტის მიღება უდიდესი ტვირთია ჩვენი უმწიფარი დემოკრატიისთვის. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„თუ ამ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, ეს იქნება ძალიან უკანგადადგმული ნაბიჯი. ეს იქნება ჩვენი საზოგადოების სირცხვილი, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ქვეყანამ მიიღოს კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის თაობაზე. ეს იქნება უდიდესი ტვირთი ჩვენი უმწიფარი დემოკრატიისთვის, ეს იქნება პირველ რიგში დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს იქნება ბორკილი მედიისთვის, ეს იქნება ინსტრუმენტი, რომელსაც ძალაუფლების მქონე ნებისმიერი ინსტიტუცია გამოიყენებს მისთვის არასასურველი სუბიექტების ჩამოსაშორებლად. ამას არ სჭირდება დიდი მკითხაობა და წინდაწინ გათვლა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს კანონი მუშაობს, არის პრობლემები ამ მიმართულებით. ეს არის კანონი, რომელსაც ძალაუფლების მქონე ინსტიტუციები მათთვის არასასურველი ადამიანების ჩამოსაშორებლად იყენებს“, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, თუ რელიგიური ტექსტებით ვისაუბრებთ, ქრისტეს არ სჭირდება არავისგან დაცვა.

„მე ვერ წარმომიდგენია გაიწეროს, როგორ გაიზომება რაიმე გრძნობა. მესმის, რომ კანონი შეურაცხყოფას ზომავს, მაგრამ რელიგიურ გრძნობებს რაც შეეხება, მე არ მგონია ჩვენმა კანონმდებლებმა ისეთი დახვეწილი ფორმულირება შემოგვთავაზონ, გასაგები იყოს რა არის რელიგიური გრძნობა. მე, რაც მეხსიერება მაქვს, დაახლოებით 2010 წლიდან, ყოველ მეორე წელს ეს კანონი ხდება აქტუალური. ყველა ჯერზე ეს კანონი არის ბუნდოვანი და ბუნდოვანება ნიშნავს, რომ ვისაც როგორ უნდა ისე წაიკითხავს. ამჟამინდელი ინიციატივა, კიდევ ყველაზე უარესი ვარიანტია, რაც კი აქამდე მინახავს. დიდი იმედი არ მაქვს არც კვიციანის იურიდიული განათლების, არც დღევანდელი პარლამენტის მგრძნობელობის. ეს არის შურისძიება ბოლო პერიოდში განვითარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე – პრეზერვატივების და „რუსთავი 2″-ის საქმეებზე. სხვა ვერაფრით გასცა პასუხი მათმა რელიგიურმა განწყობებმა და ცდილობენ ამას კანონი მიუსადაგონ. თუ რელიგიური ტექსტებით ვისაუბრებთ, ქრისტეს არ სჭირდება არავისგან დაცვა“, – აღნიშნა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის რუსუდან გოცირიძემ.

იტვირთბა....