რელიგიური გრძნობები არის ყველაზე ფაქიზი. წლობით იმართებოდა ამ თემაზე კონფლიქტი. უნდა განვსაზღვროთ თუ რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთრია.
“რელიგიური გრძნობები არის ყველაზე ფაქიზი. წლობით იმართებოდა ამ თემაზე კონფლიქტი. უნდა განვსაზღვროთ თუ რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. თუ ასე წავიდა, მაშინ “ნატვრის ხეც” შეურაცხყოფაა, იქ პერსონაჟი ოხრახანე გახსოვთ. ამიტომ, უნდა განისაზღვროს ყველაფერი. თუ ამით განისაზღვრება, რომ სიწმინდეებს ფეხით არ უნდა შედგე და ა.შ., მაშინ ასეთი ჩამონათვალი უნდა იყოს.
პრეზერვატივებზე მე არ მინახავს, მაგრამ ამდაგვარი მომხდარა და ეს დაუშვებელი უნდა იყოს. თუმცა, თუ ყველაფერი არ დაზუსტდა, მაშინ ამას ისეთი უკუქმედება ექნება და სად წავალთ ამით, კაცმა არ იცის. ამიტომ კომიტეტი სწორად მოიქცა, რომ საკითხის განხილვა გადადო. თითონ საზოგადოებისთვის, რომ ეს საკითხი პრობლემა გახდა, ეს ფაქტია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ვისთვის რა არის შეურაცხყოფა. შეიძლება კრიტიკული აზრი ვინმესთვის შეურაცხყოფა იყოს, ეს უნდა იყოს მკაცრად გაწერილი”, – განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი გახდეს. კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ.
საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატ ემზარ კვიციანს ეკუთვნის. დოკუმენტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მსჯელობენ. პროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს კითხვები აქვთ. მათი თქმით, ბევრი დეტალი ბუნდოვანია. კომიტეტის სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებიან. მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვა საჭირო არ არის