დაუშვეველია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობის – განუცხადა ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
„საქართველოს საპატრიარქოს წინაშე საკითხი ასე არ დგას. აუცილებელია ყოველთვის ზედმიწევნით სიზუსტით გამოიკვეთოს საპატრიარქოს პოზიცია. ეს არ არის საპატრიარქოს ინიციატივა, ეს არ არის საპატრიარქოს კანონპროექტი. საპატრიარქოს ყოველგვარი ჩართულობა, მისი დამოკიდებულება ითვალისწინებს საერთო სიკეთეს და არა მხოლოდ კონკრეტულად იმას, რაც უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
როცა საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეადგენს – იქნება ეს იუდაური თემი, მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, იქნება ბაპტისტური თემი თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობა.
საქართველოს საპატრიარქოს აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ასეთი პოზიცია, რომ საჭიროა ამ საკითხზე ფიქრი, საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა
საჭიროა შემუშავდეს პრინციპები და გარკვეული ორიენტირები, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და ამას არავითარი გარკვეული შეზღუდვა არ დაემუქროს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიო და მკვეთრი ზღვარი გაევლოს იმას, თუ რა არის ეს გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება შეიძლება ძალიან გაღრმავდეს, რაც უაღრესად საზიანო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ როგორღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული. დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნა ზვიადაძემ.