დღეს დილას ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ, სანამ პარლამენტის დათხოვნა არ მოხდება და რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ასევე პრემიერობის კანდიდატად მათ მიერ შერჩეული პირი არ დასახელდება. პოლიცია ყველა სამთავრობო შენობის წინ არის მობილიზებული, თუმცა აქციის მონაწილეებს ისინი ხელს არ უშლიან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები შესთავაზა, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
თავის მხრივ, მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.