უკრაინელი ექსპერტები ტყიბულში მდებარე მინდელის შახტში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ტრაგედიის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა. ისინი შახტის ტერიტორიაზე პროფკავშირებთან ერთად შევიდნენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც უკრაინელმა ექსპერტმა კაროლ ვესლავანიჩმა განაცხადა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, დაზარალებულებსა და თვითმხილველებს გაესაუბრებიან.
„ჩვენ საქართველოს პროფკავშირების მოწვევით ჩამოვედით, შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად. თუ კომპანიის წარმომადგენლები ნებას დაგვრთავენ, შევეცდებით, პირველ რიგში, ტექნიკური დოკუმენტაცია შევისწავლოთ და მოვხვდეთ უბედური შემთხვევის ადგილას. ეს აუცილებელია, რომ გავიგოთ, რა მოხდა. გავესაუბრებით დაზარალებულებს და თვითმხილველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ადგილზე. შევისწავლით ყველანაირ დოკუმენტს, რაც შესაძლებელია, ასევე სამედიცინო დაწესებულებების დასკვნებსა და ექსპერტიზის შედეგებს. ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ვნახოთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება, რა მოხდა და რა შეიძლება მომავალში მოხდეს. უკრაინის კანონებით, ამ ყველაფრისთვის 10 დღე გამოიყოფა, თუმცა ჩვენ აქ ორი დღე გვაქვს“, – განაცხადა კაროლ ვესლავანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა, ხოლო 3 დაშავდა.